ჭიკაანი

ჭიკაანი
— სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში , ალაზნის ვაკეზე. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფელი: ზინობიანი, ჩანტლისყურე). ზღვის დონიდან 300 მეტრი, ყვარლიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2303 კაცი.

სოფელი ჭიკაანი მდებარეობს კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში და სხვა დასახლებებთან – ს.ჩანტლისყურესა და ს.ზინობიანთან (ყოფ.ოქტომბერი) ერთად ქმნის ჭიკაანის თემს. შექმნილია დაახლოებით XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, თუმცა გვხვდება მასზე რამდენიმე საუკუნით ადრე შექმნილი ნახევრადმოშლილი ციხე-გალავანი და რამდენიმე ციხე-კოშკი (ძირითადად მის სამხრეთ-დასავლეთით), რაც სავარაუდოდ მოწმობს დასახლების არსებობას უფრო ადრეულ პერიოდში. სოფელში არის ღვთისმშობლის სახელობის მცირე ზომის ცნობილი ბაზილიკური ეკლესია (ე.წ. „გალავნებთან“, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში), აგრეთვე წმ.თომას სახელობის ჯვრის ტიპის ახალი ეკლესია (XVII-XVIII ს.) და იქვე – ამავე სახელობის ეკლესიის ნაშთები (სასაფლაოს ტერიტორიაზე, სოფლის სამხრეთ ნაწილში). სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 3 ათასი კაცი (900 კომლი), თუმცა, ძირითადად ეკონომიკური საფუძვლებით გამოწვეული საგარეო და შიდა მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა არსებითად არის შემცირებული.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. გვხვდება აგრეთვე რამდენიმე ათეული ეთნიკურად ოსური ოჯახი (ძირითადად ასიმილირებული ქართველებთან), ხოლო კანტიკუნტად – სხვა ეთნკური შემადგენლობის ოჯახებიც. ეთნიკური ქართველებიდან მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ საკუთრივ კახელების და იმერეთიდან გადმოსახლებულების შთამომავლები. გვხვდება აგრეთვე რამდენიმე ოჯახი, რომელიც თავის დროზე გადმოსახლებულია სამეგრელოდან, ასევე დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან. ამასთან, მოსახლეობაში რამდენადმე შენარჩუნებულია კახური კილო (ძირძველ კახელებში) და შედარებით ნაკლებად – იმერული (იმერეთიდან გადმოსახლებულებში), თუმცა ზემოხსენებული ეთნოგრაფიულად ჭრელი შემადგენლობისა და დიდხანს თანაცხოვრების გამო სასაუბრო ენა დაახლოებულია ლიტერატურულ ქართულთან, რაც ამ სოფელს ბევრი ტიპიური კახური სოფლისაგან გამოარჩევს.

სოფლის დღესასწაულია „კვირაცხოვლობა“ (იმართება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირა დღეს) წმ.თომას სახელობის ეკლესიის მიდამოში. საღვთო ლოცვასთან ერთად ამ დღეს იმართება გარე ვაჭრობა და ტრადიციული, ცნობილი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში (11 ს-დან 17 ს-მდე). სოფელში არის: მრავალფუნქციური კულტურის სახლი (1985) კინოდარბაზით (500 კაცზე), სადაც რამდენიმე სხვადასხვა სახელოვნებო წრე ფუნქციონირებს; საჯარო სკოლა (12-კლასიანი) და საბავშვო ბაღი; ღვინის ქარხანა (მდებარეობს ს.ზინობიანთან); რამდენიმე მცირე ზომის მარკეტი, საპარიკმახერო, აფთიაქი და წისქვილი; 9 აპრილს და II მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალები.

სოფლის მთელ სიგრძეზე გადის შიდასახელმწიფო გზა (მოასფალტდა 2007 წ. და კარგ მდგომარეობაშია), ხოლო მისი განშტოება-გზები გრუნტისაა. სოფელი სიგრძეში (მთავარი გზის მიხედვით) 3,5 კმ-ა, ხოლო სიგანეში – 200-700 მ და განეკუთვნება კახეთის სოფლებისთვის დამახასიათებელ კომპაქტური დასახლების ტიპს. სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრამდე (ქ.ყვარელი, სადაც მდებარეობს უახლოესი საოჯახო სასტუმროები) უმოკლესი მანძილია 12 კმ. უახლოეს სოფლებამდე მანძილი შეადგენს: ს.ზინობიანი – 1 კმ; ს.ახალსოფელი – 3 კმ; ს.გავაზი – 1 კმ. ს.ჩანტლისყურე – 4 კმ; კუჭატანი – 3 კმ. უახლოესი მანძილი სოფლიდან ველისციხე-ყვარლის შიდასახელმწიფო გზამდე 8 კმ-ია.

სოფელი მდებარეობს ვაკე ადგილზე (ზღვის დონიდან 270-330 მ), იწყება 2 კმ-ში კავკასიონის ქედის სამხრეთი განშტოებიდან და სიგრძეში ქვემოთ ეშვება მდ.ალაზნისკენ. სოფელს დასავლეთიდან ჩამოუდის მდ.ჩანტალი საირიგაციო ფილებიანი არხით, ხოლო აღმოსავლეთიდან – მდ.ავანისხევი (ამავე მდინარიდან ეშვება 2 ვიწრო არხი, რომელიც სოფლის მთავარ გზას ორივე მხრიდან ჩამოყვება და გააჩნია კომუნალური და სარწყავი დანიშნულება). სოფლის ცენტრალურ ნაწილში უგემრიელესი წყაროს წყლის დაგემოვნება შეიძლება (რამდენიმე ადგილზე).

სოფელში ძირითადად გავრცელებულია მევენახეობა (უმთავრესად „რქაწითელის“ და „საფერავის“ ჯიშები), მებაღეობა-მებოსტნეობა და მარცვლეული კულტურების მოყვანა. გვიანი შემოდგომით რამდენიმე ადგილას იმართება ე.წ. „ზაოდობა“ (არყის ხდა).

სოფლიდან ჩრდილოეთით მოჩანს ულამაზესი თმადათოვლილი (ნოემბრიდან ივნისამდე) კავკასიონის მთები, რომელთაგან განსაკუთრებით ლამაზია მთების „ზურგიძვალას“ და „დიდგორას“ (2990 მ.) კომპლექსი.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s